საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში, სავარაუდოდ, ივლისში დაიხურება

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, მიმდინარე წლის ივლისში უნდა დახუროს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ საერთაშორისო დავებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს წავა მორიგებაზე, რადგან მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავად შეაფასონ დაარღვია თუ არა რუსეთმა ევროპული კონვენციის მუხლები.

“ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ გვქონდა საერთაშორისო პროცედურები სტრასბურგსა და ჰააგაში. პირველი საერთაშორისო საქმე სტრასბურგში ჩვენ მოვიგეთ გასულ წელს, მაგრამ კომპენსაციის საკითხი ღია დარჩა. მიმდინარე წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლომ უნდა დახუროს საქმე და საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს საკითხი. მეორე საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც ისევ გრძელდება, 2008 წლის ომს ეხება. გასული წლის დეკემბერში ჩვენ ბოლო მემორანდუმი შევიტანეთ, მაგრამ რუსული მხარის პოზიციაა, თითქოს მას არაფერი დაურღვევია. არსებობს ასეთი საერთაშორისო პროცედურა – სარჩელის შეტანის შემდეგ შეიძლება ხელმოწერილი იქნას შეთანხმება. მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო არასდროს წავა მორიგებაზე, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავად გადაწყვტიონ, დაარღვია თუ არა რუსეთმა ევროპული კონვენციის მუხლები”, – განაცხადა წულუკიანმა. როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საქმე რუსეთის წინააღმდეგ წაგებულია და აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზეზებიც განმარტა.

“მიზეზი ის იყო, რომ მათ ყველა მასალა ძალიან სწრაფად მოამზადეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ როდესაც რეფორმებს ატარებ და სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამ, სხვა დანარჩენისთვის დრო არ გრჩება. მაგრამ მათ რომ გაეანალიზებინათ და ეს სარჩელი უფრო სერიოზულად მოემზადებინათ, მოგება შეიძლებოდა. ახლა საერთაშორისო საკითხებში ჩემს მოადგილესთან ერთად ვცდილობ გავაკეთო ისე, რომ ჰააგაში დახურონ ეს საქმე, რომელიც საქართველომ წააგო. ეს უნდა მოხდეს სტრასბურგში მეორე სასამართლოს მოგების შემდეგ. არის მეოთხე საქმეც, სისხლის სამართლის პროცედურა, ჰააგის სასამართლოს წინაშე, სადაც წინასწარი ძიება მიმდინარეობს აგვისტოს ომის ფაქტებთან დაკავშირებით.
საკითხი დგას ასე: საქართველომ, როგორც რომის სტატუტის წევრმა, უნდა გამოძიოს ფაქტები, იყო თუ არა სისხლის სამართლის დარღვევები საქართველოს, რუსეთისა და ოსური დაჯგუფებების მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან დელიკატური საკითხია, ვინაიდან გამორიცხული არაა, ჰააგის სასამართლომ გადაწყვიტოს, რომ ჩვენი მხარე აქტიურად არ იძიებს ამ საქმეს და თავად წაიღოს გამოსაძიებლად”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები