ვირტუოზი გიტარისტის – თემურ ყვითელაშვილის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართება

26 ივნისს, 20 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტის – თემურ ყვითელაშვილის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართება. მას 4 ივლისს 65 წელი უსრულდება.
თემურ ყვითელაშვილი თვითნასწავლი გიტარისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი და არანჟირების ავტორია.  მისი მუსიკა მოიცავს ჯაზის, როკის, კლასიკური მუსიკის, პოპმუსიკის, ფლამენკოსა და ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს. მოღვაწეობის პერიოდში ყვითელაშვილმა შეიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი.
იგი პირველი ქართველი გიტარისტია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო-გიტარისთვის.

ნინო რატიშვილის ღამის სტუდიაში მუსიკოსი ამბობს, რომ ერთი თვეა, ემზადება კონცერტისთვის და ძალიან ღელავს კონცერტის წინ.
„ერთი თვეა, ამ კონცერტით ვცხოვრობ. ისე ვღელავ, თითქოს პირველად გამოვდიოდე სცენაზე. 50 წელია ვმოღვაწეობ, არსად ვმუშაობ. ერთი დღე არ მიმუშავია. მხოლოდ ეს არის ჩემი ცხოვრება“.
მუსიკოსის თქმით, 26 ივნისს 7 ახალი ნაწარმოები შესრულდება, აქედან ორი საავტორო ნაწარმოებია. მათ შორის, ძველი, მაგრამ პოპულარული ნაწარმოებებიც შესრულდება. თუნდაც „ყვავილების ქვეყანა“.
„ეს რომ არ დავუკრა, ალბათ განაწყენებული წავა მაყურებელი. მსოფლიოს მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ყველა არტისტს აქვს 5-6 ნაწარმოები, რომლებსაც ყველა კონცერტზე ასრულებს.
თემურ ყვითელაშვილის თქმით, ყოველი კონცერტი უნდა იყოს მაყურებლისთვის დამაფიქრებელი, ეს აუცილებელია, ადამიანი უფრო უკეთესი რომ გახდეს. უფრო მეტიც, ეს არტისტის დანიშნულება უნდა იყოს. ყველა კონცერტს ყოველთვის თანაბარი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი, ამიტომ არც ეს კონცერტი იქნება გამონაკლისი თავისი სიახლეებით, მუხტით და გულით, პატივისცემით. მხედველობაში მაქვს მაყურებელი“.
„კონცერტის ბოლოს, ავტოგრაფ-სესიის დროს, უსაჩუქროდ არცერთი მაყურებელი არ დარჩება. იქნება პლაკატები პოსტერები, ყველას მოვუწერ ხელს.
მუსიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება თავმდაბლობით გამოირჩევა და თავმდაბლობის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, 26 მაისს დაუვიწყარ კონცერტს ჰპირდება მსმენელს. ამბობს, რომ კონცერტის პროცესი შემოქმედებითი იქნება, ემოცია არტისტმა უნდა გადასცეს ხალხს. „ამას გავაკეთებ, როგორც ყოველთვის გამიკეთებია“.
„ცხოვრება გრძელდება. ღმერთის დახმარებით ვმოღვაწეობ და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ადრე ვთქვი, რაზედაც ვიოცნებე, ყველაფერი ამიხდა-მეთქი. მართლა ალბათ მივიღე საჩუქარი ღმერთისგან, რადგან ჩემი ცხოვრების წესი და პრინციპია, არასდროს არავისთვის არ მიღალატია, მთავარი – საკუთარი პრინციპებისთვის არ მიღალატია. ყველაზე მთავარი იცით, რა არის? ადამიანი თვითონ არის მმართველი, მრჩეველიც და პასუხისმგებელიც“.
თემურ ყვითელაშვილი დიდ მადლობას უხდის კულტურის სამინისტროს და მერიას. მადლობელია იმ ადამიანების, ვინც გვერდში ედგა. უწინარესად კი, მადლობას უხდის ორგანიზატორებს – კომპანია „სპარკსს“ და კომპანიის ხელმძღვანელს, ზურაბ გოგსაძეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები