აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის კანონიერებას სწავლობს
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიური სწავლობს 2018 წელს რუსეთში და 2022 წელს კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას „ფიფაში“კორუფციის ფაქტებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სამართალდამცველების განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ჩემპიონატის ჩასატარებლად კატარის შერჩევა, ვინაიდან ეს პატარა ქვეყანა უდაბნოში მდებარეობს, მას ფეხბურთის ტრადიცია არა აქვს და დღისით იქ ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, რუსეთი და კატარი კორუფციულ სქემებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ. აშშ-ს ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის იძიებს „ფიფაში“ 150 მილიონი დოლარის ქრთამის საქმეს, რაც ბოლო ორ ათწლეულს ეხება. ამასთანავე, შვეიცარიელმა პროკურორებმა საკუთარი გამოძიების შესახებ განაცხადეს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების განაცხადების შედგენის საკითხზე. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მან ორგანიზაციაში ერთიანობის შენარჩუნების სურვილით ახსნა. თუმცა ექსპერტები ბლატერის გადადგომას კორუფციულ სკანდალს უკავშირებენ, რის გამოც ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი უკვე დაკავებულია.