ერდოღანი თურქული გამოცემის მთავარ რედაქტორს ჯაშუშობაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა გაზეთ Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჯანი დუნდარი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რედაქტორი პასუხს აგებს სიტყვებზე, რომ იარაღი სირიის ტერორისტულ დაჯგუფებებს მიეწოდებოდა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება სირიაში მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.
გაზეთმა Cumhuriyet-მა თავის საიტზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თურქეთის სამხრეთ პროვინცია ადანაში არის გადაღებული. ვიდეოზე გადაღებულია სირიაში მიმავალი სატვირთო მანქანების ჩხრეკის კადრები. თავდაპირველად პოლიციელებმა ტვირთის შემოწმებისას მედიკამენტები აღმოაჩინეს, მაგრამ ამ ყუთების ქვეშ იარაღი და ტყვიაწამალი აღმოაჩინეს. მთლაიანდ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ათასი ჭურვი, ათასი ნაღმი, 50 ათასი ტყვიამფრქვევის ვაზნა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ თურქეთის პროკურატურამ გაზეთ Cumhuriyet-ის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მასალა გაავრცელა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის მუხლით.
თავად ჯან დანდარმა ტვიტერში დაწერა: „ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. დამნაშავეები მაღალ ფასს გადაიხდიან“.