სამხრეთ აფრიკაში ლომმა ქალი დაგლიჯა
სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის ველური ბუნების პარკში ლომი ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა. მიღებული ჭრილობების შედეგად ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. კიდევ ერთმა ადამიანმა მძიმე ჭრილობა მიიღო. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ტურისტი და მძღოლი მანქანით პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. როდესაც ლომი მანქანას მიუახლოვდა, ქალმა მისი გადაღება სცადა. სავარაუდოდ, ლომს აპარატის განათების შეეშინდა და ის ქალს თავს დაესხა. ცხოველი პირდაპირ მანქანის ფანჯარაში შეხტა და ქალი დაგლიჯა. მძღოლმა, რომელიც ცხოველისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, ჭრილობები მიიღო. ამის შესახებ Lion Park-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სკოტ სიმფსონმა განაცხადა. პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამთვალიერებლების მანქანებზე შუშების ჩამოწევა კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ ამ წესებს ხშირად არ იცავენ. ამ ტრაგედიის შემდეგ Lion Park-ის ადმინისტრაცია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას აპირებს.