მარგველაშვილი სააკაშვილზე: მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს

ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის გაუგებარია სააკაშვილის საქციელი. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კარიერაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომელთა ერთგულიც ის უნდა დარჩენილიყო.
“ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პირს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები