რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი მძიმე ტექნიკა გადაისროლა
რამდენიმე ასეული ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადაისროლა რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო ტექნიკა ამომცნობი ნიშნების გარეშე როსტოვის ოლქის კუზმინსკის პოლიგონზე შეამჩნიეს. შეიარაღებას შორის არის „ტ-72“-ის ტიპის ტანკები, რეაქტიული სისტემა „ურაგანი“, ასევე სატვირთო მანქანები.
ამ წყაროს ცნობით, სამხედრო ტექნიკა იქ პრაქტიკულად ყოველდღე ჩადის. ის მატარებლით მატვეევ კურგანის სადგურზე ჩაჰყავთ და შემდეგ პოლიგონზე აგზავნიან. რამდენიმე ჯარისკაცმა, ვისთანაც ჟურნალისტებმა გასაუბრება შეძლეს, განაცხადეს, რომ წვრთნებზე ჩამოვიდნენ, რომლებიც უკრაინასთან არ არის დაკავშირებული. თუმცა რუსი ჯარისკაცების დედების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამხედროები და ტექნიკა სწორედ უკრაინაში გასაგზავნად ჩამოიყვანეს. ეს ინფორმაცია მათ ჯარისკაცებისგან მიიღეს, რომლებსაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს. რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას უარყოფენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კითხვაზე, არის თუ არა ტექნიკის გადასროლა უკრაინის სიახლოვეს ინტერვენციისთვის მზადება, განაცხადა, რომ კითხვა „მზადდება თუ არა უკრაინაში შეჭრა“ არის ძალზე უადგილო.