კიევში, „როშენის“ მაღაზიაში აფეთქება მოხდა
კიევში, „როშენის“ მაღაზიაში მომხდარი აფეთქების დეტალების გამოძიება დაიწყო. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
„პოლიციის სამორიგეო ნაწილში შეტყობინება 23.11 სთ-ზე შევიდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ დაუდგენელი ნივთის აფეთქების შედეგად დაზიანდა კედელი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მესანგრეები გამოიძახეს, რომლებმაც სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.
„აფეთქების შედეგად კედელში 60 სმ-იანი ნახვრეტი გაჩნდა. მაღაზიაში აფეთქების გამო დაზიანდა სავაჭრო დახლები და გასაყიდი საქონელი. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ბომბი დამონტაჟებული იყო კედელსა და კონდიციონერს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ „როშენის“ მაღაზიას კიევში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.