პუტინმა მშვიდობიან პერიოდში დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციას გრიფი „საიდუმლო“ დაადო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო ინფორმაციას სამხედროების დაღუპვის შესახებ. თუ ადრე სახელმწიფო საიდუმლოებად ომის დროს დაღუპული სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ითვლებოდა, ახლა მას მშვიდობიან პერიოდში სპეცოპერაციების დროს დაღუპული სამხედროების საქმეებიც დაემატა.
ფაქტობრივად, პუტინმა სამხედრო საიდუმლოების კანონი შეცვალა, რომელიც 20 წლის წინ იყო მიღებული. კანონი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დაამტკიცეს. მაშინ რუსეთი დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციას არ მალავდა. იგივე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. რუსეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, საქართველოსთან საბრძოლო მოქმედებების დროს 74 რუსი სამხედრო დაიღუპა.
ექსპერტების აზრით, ეს ცვლილება აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. იქ დაღუპული რუსი სამხედროების საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. უფლებადამცველები, აქტივისტები და ჟურნალისტები არაერთხელ ნახულობდნენ სამხედროების ახალ სამარხებს, რომლებიც დაუდგენელ გარემოებებში იყვნენ დაღუპულები. რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის და მისი თანაგუნდელების მიერ მომზადებულ დასკვნაში „პუტინი, ომი“, ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გასული წლის ზაფხულის შემდეგ 200 რუსი სამხედრო დაიღუპა. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს გარემოებები გახდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის ცვლილების ძირითადი მიზეზი.