კიევმა ყირიმის ანგარიშები დაბლოკა
კიევმა ყირიმის ავტონომიის ანგარიშები დაბლოკა, – ამის შესახებ “ინტერფაქსი” ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის რუსტამ ტემირგალიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
“ცოტა ხნის წინ გვაცნობეს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის სახელმწიფო ხაზინის ყველა ანგარიში დაბლოკა”, – აღნიშნა ტემირგალიევმა. თუმცა, მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პენსიებისა და ხელფასების გაცემაზე არ აისახება.
“ჩვენ ამ დროისთვის ოპერატიულად ვხსნით ანგარიშებს რუსეთის ბანკებში, მათ შორის რუბლებშიც. ხალხი ხელფასებისა და პენსიების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დარჩება. ვითარება სრულად კონტროლდება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ასეთი სიტუაციის მიუხედავად, ყირიმს ავტონომიურად ცხოვრება შეუძლია.