შვეიცარიის პორკურატურამ რუსეთის სპორტის მინისტრი დაკითხვაზე დაიბარა
რუსეთის სპორტის მინისტრი და FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვიტალი მუტკო შვეიცარიის პროკურატურაში დაკითხვაზე არიან გამოძახებულნი. საქმე ეხება კორუფციის ბრალდებით FIFA-ს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ იუწყება. თავად მუტკო აცხადებს, რომ მას ჯერ პროკურატურის უწყება არ უნახავს, თუმცა ის პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიადან ამ საკითხზე აღმასკომის ყველა წევრს გამოიძახებენ. ოთხშაბათს FIFA-ს ცხრა მაღალჩინოსანს და კიდევ 5 ადამიანს კორუფციის მუხლით ბრალდება წაუყენეს. გამოძიებას შვეიცარიის და აშშ-ს სამართალდამცავი უწყებები აწარმოებენ.
FIFA-ს დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან მისი ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო. ის და კიდევ 6 ადამიანი ციურიხში იმყოფებიან და ისინი აშშ-ში ექსტრადიციას ელოდებიან. რამდენიმე დაკავებულმა ბრალი უკვე აღიარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ბოლო 20 წლის განმავლობაში FIFA-ში მომხდარ კორუფციის ფაქტებს იძიებენ.
განსაკუთრებული ყურადღება კი 2018 და 2022 წლების ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების რუსეთში და კატარში ჩატარებას ეხება. გამოძიებას აინტერესებს, თუ რა გარიგებების საფუძველზე იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ამ სკანდალის გამო რუსეთში და კატარში ჩემპიონატების ჩატარების გადაწყვეტილება გადაიხედოს.