„ნოვოროსიის“ პროექტი ჩაიშალა, მაგრამ რუსეთი უკრაინაში გავლენის შენარჩუნებას ცდილობს
უკრაინელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ე.წ. ნოვოროსიის პროექტზე საბოლოოდ უარი თქვა, ვინაიდან, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარდა, და ისიც ნაწილობრივ, მოსკოვმა უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტული განწყობების გაღვივება ვერ შეძლო.
კრემლის გეგმის მიხედვით კი „ნოვოროსიის“ პროექტი მთელ აღმოსავლეთ უკრაინას, ასევე ოდესის და ხერსონის ოლქებს უნდა შეხებოდა. ახლა კი მოსკოვს უკრაინის კრიზისიდან გამოსვლა საკუთარი სახის შენარჩუნებით სურს. ეს გეგმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისთვის ფართო ავტონომიის შეთავაზებას გულისხმობს იმისთვის, რომ რუსეთმა იქ საკუთარი გავლენა შეინარჩუნოს. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებას, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ძალები არ ეყოფა, ამიტომ ის უკრაინის რამდენიმე რაიონში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას შეეცდება. უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე ან მათ გამკაცრებაზეც იქნება დამოკიდებული.