“მეზობელთან მისულა და უთქვამს, მოვკალიო“, – რას აცხადებენ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული ქალის ახლობლები
სამეგრელოში, ჩხოროწყუში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით, ცხრა საათზე მოხდა.
„ამბობენ, ეჭვიანობის ნიადაგზეო. მეზობლებმაც არ იციან, ზუსტად რა მოხდა. ერთი შვილი ჰყავთ, მე-6 კლასში დადის. სკოლაში გაუშვა, მერე მობრუნდა, მერე მეზობელთან მოსულა და უთქვამს, მოვკალიო“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).