თამარ სანიკიძე: ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება ჩანაწერი მოითხოვონ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის გასაჯაროების უფლება მხოლოდ ახალ ხელმძღვანელს ზაზა აბაშიძეს აქვს და ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებს შეუძლიათ, ეს შეკითხვები მას დაუსვან.
„არცერთ თანამშრომელს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, რადგან ეს ჩანაწერი არის აპლიკანტის საკუთრება. ამის გასაჯაროების უფლება აქვს მხოლოდ მას. გასაუბრებაზე ჩაწერილია ძირითადად ის შეკითხვები და მასზე პასუხები, რომლებიც გაიცა. ეს ადამიანი თანახმა თუ იქნება, შეკითხვები შეუძლიათ დაუსვან და პასუხები მიიღონ. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ აპლიკანტს შეუძლია გასაჯაროება. ინსტუქციას ვერავისგან მივიღებთ, რომ რაიმეს გასაჯაროება მოხდეს“, -განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, გასასაჯაროებლად მზად არის აუდიტის დასკვნა.
„სამაგიეროდ, გასასაჯაროებლად მზად არის აუდიტის დასკვნა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც საჯარო ინფორმაცია, წაიღოთ და ნახოთ, რადგან ცენტრის სამუშაო, ძირითადად, ამ მიმართულებით იქნება. დასაგეგმია გამოსასწორებელი ღონისძიებები და ამას სჭირდება გამოსწორება. ჩვენ შესაბამის ორგანოებში უკვე გადავაგზავნეთ, ასევე, გადავაგზავნეთ სახელმწიფო აუდიტში, სადაც, იმის გამო, რომ სისტემური ხასიათის დარღვევებია, ვითხოვთ, მოხდეს წინა წლების შემოწმებაც ამ კუთხით“, – აღნიშნა სანიკიძემ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები