ბორჯომი საკურორტო სეზონისთვის ემზადება

ბორჯომი საკურორტო სეზონისათვის ემზადება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს გზების, ხიდების, სკვერების, მოსაცდელების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, გზები იგება ცენტრალური პარკის მიმდებარედ ბარათაშვილისა და ჩარხისწყლის დასახლებაში, 300 არაგველის ქუჩაზე. შიდასაავტომობილო გზების მშენებლობის პროცესი გრძელდება ასევე ბაკურიანში.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, ინტენსიური სამუშაოები ტარდება ისტორიული პარკის მისასვლელ გზაზე. ამ ქუჩაზე მიმდინარეობს როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო გზისა და მის გასწვრივ არსებული მოაჯირების მშენებლობა. ფეხით სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით იგება. კეთდება ასევე სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს კი უტარდება რეაბილიტაცია.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საბოლოოდ დასრულდება 9 აპრილის ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული რამდენიმე წლიანი სამუშაოები. დაწყებულია სილამაზის, ახალი უბნისა და მტრედის ხიდების შეკეთება. სულ რამდენიმე კვირის წინ კი დასრულდა ე.წ. ცოფიან ღელეზე და სოფელ ყვიბისში შუბითიძეების უბანში ახალი ხიდების მშენებლობა.
დღეს ქალაქის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს მოსაცდელების დამონტაჟების სამუშაოებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები