მექსიკაში შეიარაღებული ჯგუფის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 43 ადამიანი დაიღუპა
მექსიკის მიჩოაკანის შტატში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ცეცხლი ერთმანეთს შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა და პოლიციამ გაუხსნა. შემთხვევა სოფელ ტანუატოს ტერიტორიაზე მოხდა.
სროლის ხმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი დაღუპული სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკოკარტელების წევრები არიან. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 30-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტს სწორედ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა წარმოადგენს, ვინაიდან მექსიკაში ყოველწლიურად ნარკოკარტელების წევრებთან დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.