მედვედევი – რუსეთი უკრაინული ვალების რესტრუქტურიზაციას არ აპირებს
რუსეთი არ აპირებს უკრაინისთვის გამოყოფილი კრედიტების რესტრუქტურიზაციას. მოსკოვი გეგმავს გამოთქვას საკუთარი პოზიცია, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა წევრების პოზიციაზე იმოქმედოს კიევისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხში. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ჩვენ ვალების რესტრუქტურიზაციას არ ვაპირებთ, ალბათ სწორედ ამით არის გამოწვეული რაღაცა უცნაური გადაწყვეტილებები, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო და ახლა ამას უკრაინის მთავრობამაც მხარი უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ არაფრის დაბლოკვა არ შეგვიძლია, მაგრამ კრედიტორების პოზიციებზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია“ – თქვა მედვედევმა ტელეკომპანია „როსიას“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია რესტრუქტურიზებული საგარეო ვალის გადახდა შეაჩეროს. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამ კანონს ხელს მოაწერს, რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.