უკრაინამ რუსეთს დნესტრისპირეთში გზა ჩაუკეტა
უკრაინამ რუსეთს დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედროებთან მიმავალი გზა ჩაუკეტა. უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ „რუსეთს და უკრაინას შორის სახელმწიფოთაშორისი გადაზიდვების შესახებ“ შეთანხმების დენონსაციას დაუჭორა მხარი.
ეს შეთანხმება 1995 წლიდან მოქმედებდა. გადაწყვეტილება უკრაინელმა დეპუტატებმა „ქვეყნის ტრიტორიული მთლიანობის და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის“ სურვილით ახსნეს. დოკემენტს ხელი პრეზიდენტმა პოროშენკომ უნდა მოაწეროს. მანამდე უკრაინის მეთაურმა რუსეთთან ყოველგვარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გაწყვიტა. უკრაინა – ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი იყო რუსეთისთვის დნესტრისპირეთში სამხედრო კონტინგენტის უზრუნველსაყოფად. იქ 3 ათასამდე რუსი “მშვიდობისმყოფელი“ იმყოფება.
დნესტრისპირეთს საზღვარი მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან აქვს, რომელიც ამ სეპარატისტულ წარმონაქმნს, ბუნებრივია, არ აღიარებს. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში შემოჭრის შემდეგ გაჩნდა დნესტრისპირეთის მხრიდან უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების შემოჭრის საფრთხეც. ტირასპოლი ოდესასთან ახლოს მდებარეობს და ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი ყირიმის შემდეგ სწორედ ოდესის და ჰერსონის ოლქების დაკავებას გეგმავდა, რათა უკრაინა ზღვას ჩამოეშორებინა და დნესტრისპირეთში პირდაპირი გზა გაეხსნა. უკრაინას დნესტრისპირეთის საზღვართანაც მნიშვნელოვანი დაჯგუფების განთავსება უწევს, ვინაიდან დასავლეთის მიმართულებიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე დღესაც არსებობს.