საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში – მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის

22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დაესწრება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ტრადიციულად მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას გააცნობს 2014-2015 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს, ასევე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წლის დეკემბერში შეიქმნა და საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის მთავარი მუზეუმები, ეროვნული გალერეა, სახლ-მუზეუმები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, მუზეუმ-ნაკრძალები, ბიბლიოთეკები და აუდიტორია. 2005-2015 წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ექვს მუზეუმს; მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო 387 გამოფენა; ათასობით ბავშვმა, მოზარდმა, სტუდენტმა და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა ეროვნული მუზეუმის 184 საგანმანათლებლო პროგრამებში; ეროვნულ მუზეუმში შემავალმა მუზეუმებმა უმასპინძლეს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო 146 სამეცნიერო კონფერენციას, საჯარო ლექციას, სემინარსა და მოხსენებას; ჩატარდა 214 დაზვერვითი და სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია; 4.200-ზე მეტ ექსპონატს ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები; გამოქვეყნდა 200-მეტი პუბლიკაცია – წიგნი, კატალოგი, პერიოდული გამოცემები და სხვა; მუზეუმებში გაიმართა 273 ღონისძიება – პრეზენტაცია, კონცერტი, ფილმების ჩვენება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები