რა შედეგებს ელიან პოლიტოლოგები რიგის სამიტისგან – შეფასებები
21-22 მაისს ლიტვის დედაქალაქ რიგაში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტი იმართება, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე საათში გაიხსნება.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება. ფორუმს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.
“კვირა“ დაინტერესდა, რას ელოდებიან ქართველი პოლიტოლოგები სამიტისგან. მიიღებს თუ არა საქართველო პარტნიორი ქვეყნებისგან უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. რამდენად მკაფიოდ შეფასდება ერთობლივ დეკლარაციაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პროგრესი?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადება, რომ შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ძაბირაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტუსკიმ აღნიშნულ განცხადებას ოფიციალური დაპირება არ უწოდა, ევრსაბჭოს ლიდერის მხრიდან მსგავსი შინაარსის საუბარი პოზიტიურია. თუმცა, ძაბირაძის თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება, რომ “საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შერბილება ჯერ შეუძლებელია”, ნიშნავს იმას, რომ რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საქართველო კონკრეტულ დაპირებას უნდა ელოდეს.
“განცხადება, რომელიც ანგელა მერკელმა გააკეთა, მიუთითებს იმაზე, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ამ ეტაპზე არ გადაიდგმება. რეალურად ჩვენს საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არც ყოფილა ამ კუთხით რიგის სამიტთან დაკავშირებით. ზოგადად კი, მოსახლეობაში არის განცდა, რომ თითქოს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და საპასუხოდ ევროკავშირი თავს იკავებს კონკრეტული ნაბიჯის გადმოდგმისგან. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, პირველ რიგში, ისევ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მომავალში ამას სჭირდება სათანადო დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მზად არ ვართ, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები.
გასატარებელია უამრავი რეფორმა. თუმცა დამაიმედებელია ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადება, რომ შესაძლოა, 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის გარეშე შეძლონ გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ არის მზაობა. როცა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობა, არსებული კონინქტურა კიდევ უფრო ართულებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ვახტანგ ძაბირაძისაგან განსხვავებით, ექსპერტი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება და კონკრეტულ შედეგს არაფერს ვიღებთ მათგან.
„რეალურად კონკრეტულს არაფერს ვიღებთ ევროკავშირისგან. იმისთვის, რომ ევროპულ კურსს არ გადავუხვიეთ, რომ ვართ ევროინტეგრაციის სურვილით ანთებულები, – გვეუბნებიან მადლობას. კარგია, რომ ერთგულებას ხედავენ, მაგრამ უმჯობესია დაასახელონ კონკრეტული ვადები ვიზებთან დაკავშირებით, რომ მუდამ გაურკვევლობაში და მოლოდინის რეჟიმში არ ვიყოთ, სხვა შემთხვევაში მათი სურვილები, რომ მიესალმებიან ჩვენს სწრაფვას, სურვილად დარჩება“,- აცხადებს ცინცაძე.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რიგის სამიტიდან სავიზო რეჟიმის შერბილების ან გაუქმების საკითხის დაყენების მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო.
„არ მქონია მოლოდინი იმისა, რომ რიგის სამიტზე მივიღებდით უვიზო რეჟიმს, ვფიქრობ, საზოგადოებასაც არ ჰქონდა ასეთი მოლოდინი, სავიზო რეჟიმის შერბილების ან მისი გაუქმების კუთხით. იმედია, რომ მომდევნო ეტაპზე დღის წესრიგში აუცილებლად დადგება აღნიშნული საკითხი, სამიტზე განხილულ იქნეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას რიგ საკითხებში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო – ევროკავშირი თანამშრომლობენ უსაფრთხოების სფეროში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით მონაწილეობენ სამშვიდობო ოპერაციებში ცენტრალური აფრიკაში. ასევე აუცილებელია სავაჭრო – ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღღმავება, ვინაიდან ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა ევროპის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქართული ეკონომიკის განვითარებაზე ძალიან დადებით ასახვას ჰპოვებს. ხვალ მიიღებენ დეკლარაციას, დაველოდოთ აღნიშნულ დეკლარაციას, რა შედეგები აისახება მასში“, – განუცხადა “კვირას“ ნიკა ჩიტაძემ.
სამიტის პლენარული სესია ხვალ, 22 მაისს გაიმართება, რომლის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეკლარაციაში იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული ნათქვამი, ეს ხვალ გახდება ცნობილი.