თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
დღეს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ „ამირანთან“ დაკავშირებით.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი უძღვებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2-6 ივნისს თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართება.
2015 წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა – მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.