თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ჯონათან ბრეიკი მედლით – „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
თავდაცვის მინისტრმა მაიორ ჯონათან ბრეიკს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. მაიორმა ჯონათან ბრეიკმა როტაციის ვადის ამოწურვის გამო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.