საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე: „ქრისტის“ აუქციონზე გამოტანილი ფიროსმანის ტილო სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ…

1 ივნისს, „ქრისტის“ აუქციონზე ნიკო ფოროსმანის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ გაიყიდება, რომელიც დღემდე კერძო საკუთრებაშია. ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობენ.

აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წლებში შექმნა. ტილო ბოლოს 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავენ. გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უნიკალური ნახატი საქართველოში დაბრუნდეს.
„სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, ფიროსმანი საქართველოს დაუბრუნოს. დღეს, როცა ქვეყანა მძიმე ეკონომიკური გამოწვევებისა და ფინანსური კრიზისის ზღვარზეა, ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ბიზნესი. ქრისტის აუქციონზე გამოტანილი ტილო სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ და იგი ეროვნულ მუზეუმს უნდა გადაეცეს.

მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ფილანტროპების შემოწირულობებით ივსება. ეს ერის, სახელმწიფოს ღირსების საკითხია. ამ მხრივ აუცილებელია ქველმოქმედების შესახებ კანონის შემუშავება, რაც ბიზნესისათვის კულტურის დაფინანსების სტიმულირებას მოახდენს“, – ამბობს საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე.

11304410_855053927876994_1056957767_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები