იუსტიციის სამინისტროს მე-9 სართულის მისაღები მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო
იუსტიციის სამინისტროს მე-9 სართულის მისაღები, სადაც მინისტრ თეა წულუკიანისა და პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის სამუშაო ოთახებია განლაგებული, მხატვარ-რესტავრატორ ლია სიხარულიძის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო.
იუსტიციის სამინისტრომ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია თანამედროვე ქართველი მხატვრების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა, ლია სიხარულიძეს უმასპინძლა და დროებით საექსპოზიციო დარბაზში მხატვარ-რესტავრატორის ფერწერული ნამუშევრები და მულაჟები გამოფინა.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მისი სამუშაო ოთახის მისაღები თანამედროვე ქართველ მხატვრებს საექსპოზიციოდ დაეთმო. ყველა უცხოელ თუ ქართველ სტუმარს, ვინც მინისტრსა და მის მოადგილეს ხვდება, ქართველი მხატვრების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. მინისტრი და მისი პირველი მოადგილე თვლიან, რომ მათი მისაღების დროებით „საგამოფენო დარბაზად“ ქცევა ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას. სწორედ ამის გამო მათთვის ისეთი არატრადიციული სივრცე იქნა შეთავაზებული, როგორიც იუსტიციის მინისტრის მისაღებია.
ექსპოზიცია თვეში ერთხელ იცვლება. იუსტიციის სამინისტრომ უკვე უმასპინძლა ცნობილ ქართველ მხატვრებს − ლევან ლაღიძეს, მედეა კეიდიას, სოფიო ვარაზსა და ილია პატაშურს, მხატვარ-რესტავრატორს ლია სიხარულიძეს, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივში“ ძველი ქართული ხელნაწერების რესტავრაციაზე მუშაობს.