უკრაინაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

22 მაისს, უკრაინაში ქართული კულტურის მეექვსე ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავს და უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ შექმნის მეხუთე წლისთავს ეძღვნება. ფესტივალი უკრაინის კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული კულტურის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით სოციალურ-კულტურული პროექტია და ხელს უწყობს საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე), კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული კოლექტივები. მომღერლები: შმაგი თაღიაშვილი, ქეთი შამუგია, ანსამბლ „ურმულის“ სოლისტი დავით ჯიმშიტაშვილი. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული სტუმრები: მომღერალი – ნინო ჩხეიძე; ქართული ნიჭიერისა და უკრაინული ტალანტ-შოუს ფინალისტი გოჩა ჭაბუკაიძე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“; ფესტივალის მხარდამჭერები არიან: უკრაინის კულტურის სამინისტრო, კიევის მერია და საქართველოს საელჩო უკრაინაში. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უკრაინელი მხატვრების გამოფენაც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები