შსს-მ კასპის რაიონში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, 1982 წელს დაბადებული იოსებ ხ. და 1958 წელს დაბადებული გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ბრალდებულები მიიმალნენ. ისინი რამდენიმე წუთში კასპში დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.