შსს -მ დიღომში დაჭრის ფაქტი გახსნა – დამნაშავე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს
შსს-მ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული დავით ნ. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიღმის მასივში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გიორგი ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რკინიგზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის გიორგი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.