შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.