თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 18-23 მაისს მწერალთა სახლში, წელს პირველად, ჩატარდება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც თბილისს 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი ეწვევა, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი ფილიპ ბესონი, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი, პოლონელი ავტორები.
ფესტივალი, ერთი მხრივ, გაზრდის მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ჩვენი ლიტერატურისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველ ავტორებსა და მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უშუალო კონტაქტი დაამყარონ თანამედროვე უცხოელ მწერლებთან. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ-ს და იტალიის საელჩოები, ბოშის ფონდი, პოლონეთის წიგნის ინსტიტუტი.