“1998 წლიდან EBRD-ის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვყოფილვარ და უნდა ვთქვა, რომ თბილისში ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა“
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, თბილისში ჩატარებული EBRD-ის ღონისძიება პოტენციური ინვესტორებისა და თვითონ EBRD-ის თანამშრომლების მხრიდან დადებითად იქნა აღქმული. როგორც EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მანაგაძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, პირადად მისი აზრითაც, ღონიძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.
„მეც 1998 წლიდან EBRD-ის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვყოფილვარ, ძალიან ბევრ ქვეყნებში და უნდა ვთქვა, რომ ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა“, – განაცხადა მანაგაძემ. მანაგაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, EBRD-ის საქმიანობაში და პროექტებში ის უშუალოდ არ არის ჩართული, თუმცა რამდენიმე გამოსვლას, პრეზენტაციებს დაესწრო და ზოგადი წარმოდგენა აქვს თუ რით არის EBRD საქართველოში დაკავებული. „ის ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა რა თქმა უნდა ნაყოფიერია, როგორც უკვე ჩატარებუილი სამუშაოების ასევე მომავალში რაც უნდა გაკეთდეს, ამ თვალსაზრისით. როგორც ვიცი, რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა. არა პროექტზე, რომელზეც ახლა დაიწყება დაფინანსება, არამედ პერსპექტივაში რისი შესწავლა და დამუშავებაც მოხდება. პრესკონფერენციის დროს EBRD-ის პრეზიდენტს ცოტა პროვოლაციული კითხვა დაუსვეს. “ნენსკრა ჰესის” მშენებლობაში EBRD-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ შეკითხვა ასე იყო დასმული, რომ როგორ მოაწერა ხელშეკრულებას EBRD-მა ხელი, თუ ჯერ აუდიტი არ ჩაუტარებიაო, რაც სწორი ინფორმაცია არ იყო. EBRD-ის წარმომადგენელმა და პრეზიდენტმა გასცეს პასუხი ამაზე, რომ ჩვენ ვერთვებით პროცესში, ჯერ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, შემდეგ აუდიტსაც ჩავატარებთ და ალბათ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მონაწილეობასაც მივიღებთო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ისე EBRD -ის პრეზიდენტის გამოსვლისას გაჟღერდა, არის ის რომ EBRD-ი უკეთესი საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფაში ქვეყნებს დახმარებას გაუწევს და საქართველოს შემთხვევაში კონკრეტულად ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რომ საინვესტიციო საბჭო შეიქმნება, სადაც როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ისე მრჩევლები შევლენ უკეთესი კომუნიკაციით, რჩევებით, რეაგირებით. ამას EBRD ძალიან სერიოზულად უდგება, რომ ქვეყანას დაეხმაროს“, – აღნიშნა მანაგაძემ.
ეროვნული ბანკი “წამყვანი როლი ამ პროცესების ახსნის, მართვის და კომუნიკაციის, ეროვნული ბანკის პრეროგატივაა“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ერთმანეთზე გადაბრალება მართებული არაა. როგორც EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მანაგაძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ამ პროცესში საზოგადოების მოლოდინები რეალისტური უნდა ყოფილიყო და ამ მხრივ მოსამზადებელი სამუშაოები უკეთ შეიძლებოდა ჩატარებულიყო. კითხვაზე თუ ვინ უნდა ყოფილიყო ძირითადი სპიკერი ამ თემაზე, მანაგაძე აცხადებს, რომ კომუნიკაცია და კომენტირება ეროვნული ბანკის ფუნქციაა. “მე შემიძლია ჩემი პერიოდის მაგალითზე მოგახსენოთ. მე ძალიან პრინციპულად მოვითხოვდი და ასეც მქონდა საკითხი დაყენებული, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარე პროცესებს და მათ შორის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროცესებს შეეხებოდა, წამყვანი როლი ამ პროცესების ახსნის, მართვის და კომუნიკაციის, ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა მთავრობასთან კოორდინაციაში. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნულმა ბანკმა მიუთითოს, რომ რაღაც არასწორად სრულდება და ამიტომ ხდება ეს, მაგრამ ამის კომენტირება, კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ძალიან სერიოზული ფუნქციაა”, – განაცხადა მანაგაძემ. ირაკლი მანაგაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, უშუალოდ გიორგი ქადაგიძის საქმიანობის კომენტირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არაეთიკური იქნება იმ პირზე საუბარი, რომელსაც იგივე პოზიცია უჭირავს, რასაც ის წარსულში ასრულებდა. „მე არ მიმაჩნია მართებულად, რომ ვიღაცას რაღაც დავაბრალო. ყოველ შემთხვევაში მე არ ვთვლი, რომ აქ უნდა დავიწყოთ ერთმანეთზე გადაბრალება. სხვათა შორის ეს მხოლოდ ქადაგიძეს არ შეეხება, ასევე არასწორად მიმაჩნია, როდესაც ეს ყველაფერი მთავრობას ბრალდებოდა“, – აღნიშნა მანაგაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობისათვის მის დამოუკიდებლობას და სანდოობის შენარჩუნებას დიდი დატვირთვა აქვს. “ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ინსტიტუტის მიმართ ნდობაზე. ამიტომ, როდესაც საჯაროდ რაიმე ეჭვი გამოითქმევა ასეთი ინსტიტუტის მიმართ, ეს ან უნდა დასაბუთდეს, ან უნდა გაქარწყლდეს. ამ სფეროში სპეკულაციები მიმაჩნია, რომ არასწორია“, – განაცხადა მანაგაძემ.
უკან დაბრუნებაზე ირაკლი მანაგაძე მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს. “მე მგონი ნებისმიერი ადამიანი, ყოველთვის რაღაც მომენტში თუკი თვლის, რომ გამოცდილება და ცოდნა აქვს და შესაფერისი პირობები არსებობს, ყველა საბოლოო ჯამში თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა მანაგაძემ.
კითხვაზე, განიხილავდა თუ არა მთავრობის მხრიდან საინტერესო წინადადებას, მანაგაძემ აღნიშნა, რომ „საინტერესო წინადადებას, რა თქმა უნდა, ყველა სიამოვნებით განიხილავს“. ცნობისთვის, მიმდინარეობდა საუბრები, რომ მანაგაძე რაღაც ფორმით მთავრობის მუშაობაში ჩაერთვებოდა ან საქართველოში დაბრუნდებოდა. იგი საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრების, ასევე მომავალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზეც სახელდებოდა. ირაკლი მანაგაძე 10 წელია ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქმიანობს.