პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

  22 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსაამსახურისინფორმაციით, რიგით 44-ე ფორუმი 22-25 იანვარს გაიმართება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე – „ევრაზია – შემდეგი ზღვარი“ და “სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზრია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ”, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა”-ში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის არიან: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საუდის არაბეთის პრინცი ტურკი ალ ფაიზალი. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან. ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებას. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება.
უკვე დაგეგმილია პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს, CNN-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება ისრაელის სახელმწიფოში. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ისრაელის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. გაფორმდება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 31 იანვარს – 2 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციაში. 3-5 თებერვალს პრემიერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, სადაც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისარებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები