„ექსკურსია მუზეუმებში“ – კულტურის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – „ექსკურსია მუზეუმებში“ .
მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინიციატივით წამოწყებული პროექტის მიზანი, მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა.
პროექტი თბილისსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებში სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტურების მოწყობას გულისხმობს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ესტუმროს სასურველ მუზეუმს, დაათვალიეროს მუზეუმში არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს.
საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა შესაძლებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, (http://www.culture.gov.ge) წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ.
დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ, ვებგვერდზე – აირჩიონ სასურველი მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის.
პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მუზეუმი.