„ექსკურსია მუზეუმებში“ – კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – „ექსკურსია მუზეუმებში“ – მიხეილ გიორგაძის ინიციატივა, რომლის მიზანიც მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა.
16 მაისს, 12:00 საათზე, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახლმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური, აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის დირექტორი რევაზ კოტრიკაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ებრაელთა ისტორიიის მუზეუმის ხელმძღვანელი გივი ღამბაშიძე, აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა, ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დირექტორი თამარ შუკაკიძე და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელი ნინო კოვზიაშვილი.
„ექსკურსია მუზეუმებში“ – პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება, ესტუმროს ნებისმიერ მუზეუმს საქართველოს მასშტაბით, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს, ასევე მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს.
საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე – http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტში, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუზეუმი საქართველოს მასშტაბით.