ვიტალი კაპანაძის საიუბილეო გამოფენა
17 აპრილს, 17:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ქუთაისელი მხატვრის, ვიტალი კაპანაძის 70 წლის საიუბილეო გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 200-მდე ფერწერული ტილო. დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა, როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე. ხელოვნების მუზეუმში კი ავტორის ყველაზე ფართომასშტაბიანი პერსონალური გამოფენა მოეწყობა, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი იქნება წარმოჩენილი.
ღირსების ორდენოსანი ფერმწერი 1974 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და მრავალი სიგელი თუ პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში, ასევე როგორც წლის საუკეთესო ხელოვანმა. ვიტალი კაპანაძის ნამუშევრების ნაწილი დაცულია მოსკოვში, ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. ასევე, ნიუპორტის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება.