ყირიმი აფხაზეთსა და შოტლანდიას შორის
თუკი რუსეთი შეძლებს საკუთარი სცენარი განახორციელოს და ყირიმი თავის შემადგენლობაში მოაქციოს, ეს თანამედროვე მსოფლიოში უპრეცედენტო ფაქტი იქნება. ბევრი შემთხვევა არსებობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყალიბდება ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ იმის ფაქტი და მცდელობა, რომ ამ სეპარატისტული რეგიონების ცენტრალური ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით მისი სხვა – მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის პრეცედენტი ყოფილიყო, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ არ მომხდარა.
ყირიმის პარლამენტმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი დანიშნა და უკრაინის მოქმედი კონსტიტუცია არალეგიტიმურად გამოაცხადა. ჯერ კიდევ 2004 წელს უკრაინის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რაიმე ტიპის ცვლილება უკრაინაში მხოლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმით არის შესაძლებელი. თავის მხრივ, რუსეთის კონსტიტუციაში ჩადებულია ნორმა, რუსეთთან სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის მიერთების პროცედურების შესახებ. კონსტიტუცია გულისხმობს ახალი სუბიექტის მიერ ფედერალური კონსტიტუციით არსებული ყველა წესის დაცვას, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ სხვა ტერიტორიის ნაწილის მიერთების შემთხვევაში არსებობდეს იმ სახელმწიფოს თანხმობა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა ესა თუ ის ტერიტორია, რომლის მიერთების საკითხიც დგას. თუმცა, 28 თებერვალს მოძრაობა “სამართლიანი რუსეთის” ერთ – ერთმა ლიდერმა სერგეი მირონოვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახადაც რუსეთმა შესაძლოა საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანოს ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშეც. ამისათვის საკმარისია რეფერენდუმის მხოლოდ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩატარება, რომელიც უნდა იქნას მიერთებული და თხოვნა – რუსეთის შესაბამისი ორგანოებისთვის.
ყირიმის პარლამენტის მიმართვა რუსეთისთვის უკვე არსებობს. ყირიმის დუმამ რუსეთს კითხვით მიმართა, არის თუ არა რუსეთი მზად თავის შემადგენლობაში ყირიმის მისაღებად? თავის მხრივ, ყირიმელი პარლამენტარები მიმართვაში ხაზს უსვამდნენ, რომ მათი მხრიდან ამ საკითხზე სრული მზაობა და ერთსულოვნებაა და რუსეთის ხელისუფალთ ამ ფაქტის რეფერენდუმით დამტკიცებას დაჰპირდნენ. რეფერენდუმის თარიღად ყირიმში 16 მარტი განისაზღვრა. არსებული ინფორმაციით, ყირიმის მიერთების საკითხი რუსეთის დუმამ შესაძლოა, მომავალ კვირაში განიხილოს. ამისთვის დუმა გარკვეული ცვლილების მიღებას გეგმავს, რის მიხედვითაც ახალი ტერიტორია ოდნავ განსხვავებული სახით დაიმკვიდრებს თავს რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით, ევროპიდან ჩინეთამდე, თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სასტიკად დაგმო რუსეთის ქმედება და უკრაინის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფაზე ისაუბრა. თუმცა, აქ ერთი საჩოთირო საკითხი და ქვეყნებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტიცაა.
დღევანდელი საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა იქნეს დაცული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თუმცა, ამავე სამართლის მიხედვით ხალხს უფლება აქვს, თავად გამოერკვას და განსაზღვროს საკუთარი ბედი და ქვეყნისა თუ რეგიონის სტატუსი. მოქალაქეებისათვის სწორედ თვითგამორკვევის უფლების მინიჭების შემდეგ დასავლეთმა 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს კოსოვო უკვე 193 სახელმწიფოდან 108 სახელმწიფომ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. კოსოვო სარკისებური მაგალითია იმისა, რაც დღეს ყირიმში ხდება.
კოსოვოში ჰუმანიტარული მისიით ნატოს ძალების შესვლას ხელი არ შეუშლია სერბებისთვის, რომ იქ რეფერენდუმი დაენიშნათ. გაერომ უფლება არ მისცა ნატოს, რომ სამხედრო ძალები შეეყვანა კოსოვოს ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც კოსოვოს საკითხი განიხილებოდა, სეპარატიზმს ევროპაში სერიოზული ბიძგი მისცეს. მაშინ კოსოვოს პრეცედენტი პუტინმა შეაფასა როგორც ძალიან საშიში. მსგავსი პრობლემები არსებობს იაპონიასა და ბელგიაშიც. 2008 წელს მოსკოვში მსგავსი ფაქტი მოხდა, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამ დრომდე ცნობილი არ არის, რა პოზიციას დაიკავებს პუტინი ყირიმთან მიმართებაში და როგორ მოიქცევა ის რეფერენდუმზე რუსეთისთვის სასარგებლო პასუხის მიღების შემთხვევაში. 1997 წელს დიდმა ბრიტანეთმა ჰონკონგი ჩინეთის შემადგენლობაში დააბრუნა. ჩინური და ბრიტანული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ჰონკონგს 2047 წლამდე ფართო ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. მსგავსი პრობლემა შოტლანდიაშიც არსებობს. შემოდგომაზე, 18 სექტემბერს, შოტლანდიაში დანიშნულია რეფერენდუმი, რის მიხედვითაც გადაწყდება, სურს მას, რომ დარჩეს ბრიტანეთის შემადგენლობაში, თუ დაუბრუნდეს 1707 წლამდე არსებულ სტატუსს და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს.
ცირა შერგელაშვილი