სადღობელაშვილს სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
საქალაქო სასამართლომ ლადო სადღობელაშვილს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლო „ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდულ მოძრაობას „თავისუფალ თაობას“ და მის დამფუძნებლებს ვლადიმერ სადღობელაშვილს და ვალერიან დუმბაძეს სასამართლომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზიანის – 330 ლარის და მოსარჩელის საპროცესო ხარჯების სრულად ანაზღაურება დააკისრა.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ სარჩელი ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ და მისი დამფუძნებლების – ვლადიმერ სადღობელაშვილის და ვალერიან დუმბაძის წინააღმდეგ. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ სარჩელით მოთხოვნილი იყო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ბიბლიოთეკას მიადგა „თავისუფალი თაობის“ აქტივისტების და მისი ლიდერების – ვლადიმერ სადღობელაშვილის და ვალერიან დუმბაძის მიერ, 2015 წლის 20 თებერვალს, როდესაც მათ წითელი საღებავები ესროლეს ბიბლიოთეკის შენობას და წითლად შეღებეს მისი გარე ფასადი. სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზიანის – 330 ლარის და მოსარჩელის საპროცესო ხარჯების სრულად ანაზღაურება“,- აღნიშნულია განცხადებაში.