მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საყდრისის საქმეს ადგილზე გაეცნოს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ მიიღო გადაწყვეტილება საყდრისში პირადად ჩავიდეს და ადგილზე გაეცნოს იქ არსებულ ვითარებას, რათა დარწმუნდეს არის თუ არა შესაძლებელი ამ ძეგლის გადარჩენა – ამის შესახებ „კვირას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე კახა კოჟორიძის და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და საქმეში მესამე პირად ჩართული, RMG Gold-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული აქტების საფუძველზე, კომპანია RMG Gold-ს „საყდრისი-ყაჩაღიანის“ არქეოლოგიური ობიექტის „აღება-დაშლის“ თანხმობა მიეცა.
უზრუნველყოფის ღონისძიებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო განჩინება მხარეთა, მოწმეთა და სპეციალისტთა მონაწილეობით, ობიექტის ადგილზე დათვალიერების შესახებ“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობის განხილვა გაგრძელდება 18 მაისს, 12:00 საათზე.