რატომ არ ენდობა პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი NDI-ის კვლევებს?

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაცია ჩაატარა, რამდენიმე დღის წინ კი NDI-მ სასტუმრო “რედისონში” აპრილში ჩატარებული კვლევის სოციალური ნაწილის პრეზენტაცია გამართა.
NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე და კვლევის ობიექტურობაზე არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვების ფორმულირება დამაბნეველია და, შესაბამისად, გამოკითხულთა მიერ გაცემული პასუხები ორაზროვან პოზიციას იძლევა.

ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით დასმულ კითხვაზე „მისაღებია თუ არა შემდეგი“: საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას დადებითად იღებს გამოკითხულთა 68%, 16% კი ევროკავშირთან დაახლოების წინააღმდეგ გამოდის.
ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს, 20% კი წინააღმდეგია.
გამოკითხული მოსახლეობის 31%-ს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება სურს. აღნიშნული კავშირი მიუღებელია 41%-ისთვის.
განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა გამოიწვია უკანასკნელმა შედეგმა – რომ გამოკითხულთა 31% -თვის საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია.

“კვირასთან“ საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული შედეგით მოსახლეობის განწყობის შეცვლაზე საუბარი არ შეიძლება. გოგოლაშვილი თვლის, რომ კითხვა, რომელიც გამოკითხვის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე დაისვა, მეტ დაკონკრეტებას საჭიროებდა. 11081004_948052575239587_291182960021227540_n-700x336
გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კითხვა იქნებოდა ასე დასმული: ევროკავშირში გსურთ თუ ევრაზიულ კავშირში, აღნიშნული 31%-დან უდიდესი ნაწილი ევროკავშირს დაასახელებდა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული 31%-ის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის ევროკავშირშიც და ევრაზიულ კავშირშიც მისაღებია გაწევრიანება. გოგოლაშვილის თქმით, ინფორმაციის ნაკებობის გამო ასეთი ადამიანების კატეგორიამ არ იცის, რომ ორივე კავშირში ყოფნა შეუთავსებელია.

„დიდი ალბათობით მგონია, რომ ამ 31%-დან უმეტესობა მომხრეა ორივესი – ევროინტეგრაციისაც და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისაც, ეს გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით – მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ ორივე კავშირში ყოფნა შეუთავსებელია. დარწმუნებული ვარ, ამ 31%-ს რომ გამოჰკითხო, თუ რას ანიჭებენ პრიორიტეტს, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, მიანიჭებს ევროპასთან ინტეგრაციას. ვფიქრობ, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, კითხვის ფორმულირება რომ ყოფილიყო კატეგორიული – ევროკავშირში გსურთ თუ ევრაზიულ კავშირში, სულ სხვანაირ სურათს მივიღებდით. ამიტომ აღნიშნული სახით დასმულ კითხვაზე ორაზროვანი პასუხი მივიღეთ. ასე, რომ წუხილი, თითქოს, ქართულ საზოგადოებას ევროინტეგრაცია აღარ სურს, უსაფუძვლოა“,- განუცხადა “კვირას“ კახა გოგოლაშვილმა.

NDI-ს გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვების ფორმულირებას იწუნებს ექსპერტი სოსო ცინცაძეც. მეტიც, ცინცაძე “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ არც NDI-ის დაკვეთით და არც სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს არ ცნობს. სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მსგავსი სახის კვლევების მიღმა კონკრეტული ძალები დგანან და კვლევის შედეგებიც მათი პირადი შეხედულებებით არის ნაკარნახევი. 11268911_370447793161410_1606180058_n

“არ ვენდობით არც NDI-ს და მათნაირი ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს. ასეთი სახის კვლევების ჩატარებას – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას უმაღლესი დონის მომზადება, პროფესიონალიზმი სჭირდება. მეორე – ის ფაქტორი, რომ ეს კვლევები კონკრეტული მხარის დაკვეთით ტარდება, მე არ ვენდობი არც ამერიკელების, არც რუსების ჩატარებულ კვლევებს. ასეთი სახის კვლევები უნდა ჩაატაროს დაუინტერესებელმა ორგანიზაცამ, რომელიც არ იფიქრებს, რომ შემკვეთი არ გაანაწყენოს და მისთვის სასურველი შედეგები დადოს. სამწუხაროდ, დღეს ასეთ ორგანიზაციას ასპარეზზე ვერ ვხედავ“,-განუცხადა “კვირას“ სოსო ცინცაძემ.

ცინცაძე პოლიტიკური პარტიის რეიტინგებსაც აფასებს. NDI –ს კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია “არ ვიცი” აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია “ქართული ოცნება 24%-ით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%-ით. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% – “პატრიორტთა ალიანსს”, 3% – კი “ლეიბორისტულ პარტიას”. რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე “სხვა”.
ცინცაძის თქმით, აშკარაა, რომ კვლევის დამკვეთებს არ სურთ საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა დომინირებდეს. ცინცაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხვაში 16% აქვს, შესაბამისად, კვლევის დამკვეთებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია არსებობს.

“კვლევის დამკვეთი ორგანიზაცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არ დომინირებდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, და წარმოაჩინოს, რომ ჩვენთან არის ძლიერი ოპოზიცია ამაზე მეტყველებს “ნაციონალური მოძრაობისთვის“ მინიჭებული 16%. საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოში მთავარ ოპოზიციურ ძალად “ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოჩენილი“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

სოსო ცინცაძე გამოყოფს კვლევის ფარგლებში დასმულ კიდევ ერთ კითხვას და მის პასუხებს და აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღარ არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხების სამეულში. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იმდენად ფაქიზი თემაა, საკითხზე ცალკე კითხვა უნდა დასმულიყო.

“ტერიტორიული საკითხი ისეთი ფაქიზი რამაა, მეტ დაკვირვებას საჭიროებს. მასთან დაკავშირებით დასმული კითხვა, სამწუხაროდ გარკვეულ ძალებს აწყობთ. დავივიწყოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას მართებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომ ეს ასე არ მოხდეს“, – აცხადებს სოსო ცინცაძე “კვირასთან“ საუბრისას.

რაც შეეხებათ პოლიტიკოსების შეფასებებს: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი უწყების ლიდერობა სასიხარულოა. 11104038_370447893161400_1695687787_n
“ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ლიდერობს სახელმწიფო უწყებებს შორის, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება მივიღოთ საზოგადოებისგან“, -აღნიშნავს სერგეენკო.

NDI-ის კვლევების თანახმად, სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს მხოლოდ 6%, საშუალოდ – 37%, – ცუდად – 29%, ძალიან ცუდად – 9%.
NDI-ის კვლევებზე, კომენტარი გააკეთა ნოდარ ხადურმა. ხადურმა NDI-ს მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევა გაიხსენა.
“მე თავს შევიკავებ NDI-ს კვლევების კომენტარებისაგან. მე უბრალოდ შეგახსენებთ, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, 2012 წლის სექტემბერში მახსოვს, როგორი შედეგი დაიდო და მერე ვიცი, 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

NDI-ს კვლევების შეფასებისგან თავი შეიკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა: “როდესაც თავდაცვის მინისტრი არ ვიყავი, მაშინაც არ ვაკეთებდი კომენტარებს რეიტინგებზე. ასე რომ, განსაკუთრებით როდესაც თავდაცვის მინისტრი ვარ, ასეთ წმინდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ.“

NDI-ის კვლევის შედეგები შეაფასა საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმაც.
„ფაქტია, რომ ახლა „ქართული ოცნება“ არის ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა. ისიც ფაქტია და სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ინსტიტუტების მიმართ ნდობა ყოველთვის საინტერესოა. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს. როცა ოდნავ მაინც გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს, ამიტომ ეს გასაგებია, სიგნალია და სამუშაოა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

NDI-ის კვლევის შედეგების თანხმად, პოლიტიკოსთა საქმიანობის რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ლიდერობა ბერძენიშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 7616usufashvili_davittt
„ჩემთვის არ არის დიდი საიდუმლო, რომ დავით უსუფაშვილი იქნებოდა პირველ ადგილზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ დონის მოღვაწე ქვეყანაში ამ ეტაპზე ბევრი არ გვყავს“, – განაცხადა დეპუტატმა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები