ჯოკია ბოდოკიას პროცესი 10 ივნისს გაგრძელდება
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას პროცესი 10 ივნისს გაგრძლედება. დღეს სასამართლომ ბრალდების მოწმეებს მოუსმინა. ჩვენება დედაქალაქის მერიის ოთხმა თანამშრომელმა მისცა. შემდგომ სხდომებზე პროკურატურა გეგი ნიჟარაძისა და ბრალდებულის ყოფილი მოადგილის დავით მედულაშვილის დაკითხვას გეგმავს.
ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ბოდოკია ჩვენების მიცემას მთავარი მოწმის ნათია მახარაშვილის დაკითხივს შემდეგ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).