შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გუდაძის დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყალბურთელ გიორგი გუდაძის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ვახტან გომელაურის თქმით, რადგან გუდაძის დაკავება მოხდა, ესე იგი სამართალდამცველებს ამისი საფუძველი ჰქონდათ.
“ნარკოტიკი რომ არ ჰქონოდა, რატომ დააკავებდნენ?! თუ ნარკოტიკი არ ექნებოდა, მას გაათავისუფლებდნენ. როდესაც ხდება პოლიციური შემოწმება, თუ ადამიანს არაფერი აღმოაჩნდება – არც იარაღი, არც ნარკოტიკი, მას ათავისუფლებენ, თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა, ექსპერტიზის პასუხს დაელოდებიან, შეიძლება იყოს სხვადასხვა ნარკოტიკის სახეობა – ფსიქოტროპული ან სხვა… აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, რა მიუსაჯოს ამ ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს გენერალური ინსპექცია, შეუძლია მიმართონ, თუ ვინმემ იარაღი, ნარკოტიკი ჩაუდო, გამოიძიებენ და ის პოლიციელები დაისჯებიან. არაერთხელ მოხდა, რომ პოლიციელები დაისაჯნენ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა 11 მაისს, გიორგი გუდაძე დააკავეს. გუდაძის დაკავების ფაქტზე საქმე აღძრულია 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. გუდაძის ახლობლები და ნათესავები აცხადებენ, რომ გიორგი გუდაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.