ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ
25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის მიმართ განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დაადგენს. ლაშა მახარაძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, სადაც ბრალდებულის სკამზე გიორგი ოქროპირიძე წარდგება. როგორც საქმის პროკურორმა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე განაცხადა, ნაფიცი მსაჯულების პირობებში ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმე საქალაქო სასამართლოში დღეს იწყება. პროკურორმა აღნიშნა, რომ ცხრათვიანი პატიმრობის ვადა ოქროპირიძის მიმართ 11 ივნისს გადის და, მისი თქმით, განაჩენის გამოტანა, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე მოესწრება. ამასთან, პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც შესაძლოა, დაიკითხოს ბრალდების მხარის ერთი მოწმე. პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა დავით მოდებაძემაც.
როგორც გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი აცხადებს, იგი შეეცდება, ნაფიცი მსაჯულები დაარწმუნოს საკუთარი მტკიცებულებების უტყუარობაში. კომენტარი გააკეთა მოკლულის დედამაც. როგორც ლაშა მახარაძის დედა – ნინო დიდებულიძე აცხადებს, დღევანდელ პროცესზე მისი დაკითხვა უნდა მოხდეს. როგორც მოკლულის დედა ნინო დიდებულიძე აცხადებს, ის რომ გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2 სექტემბერს მოკლა, მთელმა საქართველომ იცის და ტყუილად აქვთ მის ადვოკატებს განცდა, რომ “საწყალი ბიჭი უდანაშაულოდ ზის”.
ლაშა მახარაძე ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გასული წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა, 12 სექტემბერს კი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გიორგი ოქროპირიძე დააკავეს.