ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერია

დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის წარდგინებისას აღნიშნა, ხელისუფლების პრიორიტეტი ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერი ქვეყანაა.
“იმისათვის, რომ მომავლის გეგმები დაისახოს, მნიშვნელოვანია შევაჯამოთ ის შედეგები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივაღწიეთ. მე შევეხები თითქმის ყველა მიმართულებას, თუმცა მინდა დავიწყო ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროთი – ეკონომიკით. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას აუცილებელია რეგიონში არსებული ვითარების ანალიზი, რადგან რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ნებისმიერ ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს.
მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი – 2003 წელს 11.1 პროცენტი და 2007 წელს 12.34 პროცენტი დაფიქსირდა, ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში, რადგან ჩვენი უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, – დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა – 3.3 პროცენტი, ხოლო 2014 წელს – 4.8 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება შედარებით ნაკლებად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე აისახა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 4 პროცენტს შეადგენს.
2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტია. 2008-2012 წლებში საქართველოს ვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკა. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში მაქსიმუმზე ფიქსირდება და მსოფლიო ეკონომიკის 0.32 პროცენტს შეადგენს. აქამდე საქართველოს წილი 0.29 – 0.31 პროცენტს შორის მერყეობდა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები