“პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივ წერილამდე იმ მიზეზით მივიდნენ, რომ ემსახურებიან საქართველოს”

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ წერილს, რომელთაც მათ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართეს, გამოეხმაურა. მან აღნიშნულს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ერთობლივი წერილის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე ერთი მიზეზის გამო მივდნენ – ყველა ემსახურება საქართველოს.
“ეს არის მართლაც უაღრესად მისასალმებელი პრეცედენტი, როდესაც ასეთი ერთიანობა ფიქსირდება. ეს არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოვახერხებთ ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევას. ეს არ უკავშირდება მხოლოდ რიგის სამიტს. რაც უფრო მეტგან იქნება დაფიქსირებული ერთიანი ძალისხმევა, მით უფრო უკეთესი იქნება. უფრო მეტად გამიხარდება, თუ ასეთი ერთიანობას დააფიქსირებას საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა იმ ძირითადი გამოწვევების წინაშე, რომელიც დღევანდელ დღეს აქვს ქვეყანას. ასე რომ, რამ მიიყვანა ხელმომწერი პირები აქამდე – მიიყვანა იმან, რომ ყველა ემსახურება საქართველოს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს ერთობლივი წერილით მიმართეს. მათ რიგის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვა ითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები