„დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ნახანძრალი ტყის აღდგენითი პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში“

გარემოს დაცვის მიმართულებით აღდგა გაუქმებული გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ყველა სახის ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დაიწყო ჰაერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების ქსელის ფორმირება.
“დაიწყო ტყის მართვის ძირეული რეფორმა. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ნახანძრალი ტყის აღდგენითი პროცესი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რაც გაგრძელდება ტერიტორიის სრულ აღდგენამდე. დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება კულტურის მიმართულებას პრემიერმა ამ მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესის, მათ შორისა მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის და ვარძიას დაწყება გამოყო.
“2 ძეგლიდან 11-მდე გაიზარდა საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობების ნუსხა. კულტურული მემკვიდრეობების 19 ძეგლს ჩაუტარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. ხელი მოეწერა ევროკავშირის უმსხვილესი პროგრამის ხელშეკრულებას, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 460 მილიონი ევროა. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაეზარდა. 24 მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაიხსნა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა 24 კინო კლუბი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები