რატი აბულაძე – უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი აუთვისებელია
სპეციალურად კვირასთვის ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე
შესავალი
დღეს, საზოგადოების ძირითად ინტერესს წარმოადგენს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი რესურსების წარმოჩენა. აღნიშნულ ფონზე შეიძლება აღვნიშნოთ უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი. რეალობა ცხადყოფს, რომ უმაღლესი განათლება საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლების ერთ-ერთი რესურსია, რომლის ეკონომიკური პოტენციალიც აუთვისებელია.
მოცემული სტატიით წარმოჩენილია, ქვეყნისათვის, უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი.
შეზღუდული რესურსების პირობებში, ხელისუფლების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ისეთი ფუნდამენტური მიზნების მიღწევა, როგორიცაა: სიღარიბის შემცირება, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, უთანასწორობის შემცირება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის ამაღლება, სოციალური უსაფრთხოების მიღწევა და სხვა. აღნიშნული გამოწვევების გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს სწორედ უმაღლესი განათლება და მეცნიერება ასრულებს (World Bank). უმაღლესი განათლება დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხალხის ცხოვრების ხარისხსა და განვითარებაზე. იგი გვევლინება ინოვაციის, პროგრესისა და სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის მიერ მნიშვნელოვანი ინვესტირება სწორედ განათლებაში ხორციელდება. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მიერ უმაღლეს განათლებაში ჩადებული კაპიტალიც მიზანს ყოველთვის აღწევს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური პოლიტიკისათვის.
უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი მსოფლიოში
კვლევები ადასტურებს, რომ უმაღლესი განათლება, მეცნიერება და ადამიანური კაპიტალი ეკონომიკის ზრდის „პლატფორმას“ წარმოადგენს. ეს პლატფორმა სახელმწიფო მიერ განათლებასა და სწავლებაში ინვესტირებით იქმნება. განვითარებად ქვეყნებში, პიროვნების განათლების ყოველი 1 წელი მის შემოსავალს 10 %-ით ზრდის (World Bank). ნიშანდობლივია აღვნიშნოთ ეკონომიკის მრავალფეროვანი შემოსავლები, რომელიც უმაღლესი განათლების სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის ხარჯზე ფორმირდება. კერძოდ: უნივერსიტეტების შემოსავლები ფორმირდება ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების მიერ სწავლის გადასახადით, სუბსიდიებით, გრანტებით, კონსულტაციებით, ტრენინგებით, ინვესტიციებითა და როალტის შემოსავლებით. უცხოელი სტუდენტების ხარჯზე ფორმირებული ეკონომიკის შემოსავლებიდან შეიძლება გამოვყოთ: სწავლის საფასური, წიგნების შესყიდვაზე გაწეული დანახარჯი, ყოველდღიური ცხოვრებისა და სხვა დისკრეციული ხარჯი. ასევე, შემოსავლები ფორმირდება კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, კვლევების, გამომცემლობის, საფოსტო და საკურიერო მომსახურების, საავიაციო ტრანსპორტის, სადაზღვევო მომსახურების, სამართლებრივი და სხვა მომსახურების საფუძველზე. თავის მხრივ, უცხოელი სტუდენტები, მოქალაქეებისა და ბიზნეს ორგანიზაციებისათვის (განსაკუთრებით მცირე ბიზნესისათვის) საარსებო წყაროს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელი სტუდენტები ამდიდრებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, კულტურას, ენას (univcan.ca).
მსოფლიოში, 2008 წლის ფინანსური კრიზის პერიოდის შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი სტუდენტების მობილობა, დასაქმების ბაზრის მოთხოვნები და განათლების ხარისხი (Choudaha,, 2014), საგანმანათლებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯი (შეადგინა 4,4 ტრლნ დოლარი, 2012). არსებითად გაიზარდა უმაღლესი განათლების მომსახურების ექსპორტი, ქვეყნები ორიენტირებული გახდა უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე (WENR, 2015). OECD კვლევის თანახმად, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის 83% რეგისტრირებულია G20 ქვეყნებში. საერთაშორისო უმაღლესი განათლების ბაზარზე, ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს წარმოადგენს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, გერმანია, საფრანგეთი და ასხვა (IIE.org). უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ასახვისათვის შეიძლება განხილული იქნას რამდენიმე ქვეყანა:
- ამერიკის შეერთებული შტატები.
აშშ-ში უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 886,052 კაცი შეადგინა, შესაბამისად აშშ-ის ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების მიერ იქმნება 26,8 მლრდ დოლარი და 340 ათასი სამუშაო ადგილი (NAFSA, 2014); - კანადა.
კანადის ეკონომიკაში, უცხოელი სტუდენტების მიერ იქნება 8 მლრდ დოლარის შემოსავალი და 81 ათასი სამუშაო ადგილი (univcan.ca); - დიდი ბრიტანეთი.
ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სექტორი ეკონომიკაში 73,1 მლრდ ფუნტ სტერლინგის პროდუქციას და 757,268 (სრული განაკვეთის) სამუშაო ადგილს გენერირებს. მშპ-ში, მხოლოდ უნივერსიტეტები 39,9 მლრდ ფუნტ სტერლინგს გენერირებს. ბრიტანეთის უნივერსიტეტებში, უცხოელი სტუდენტების რაოდენობამ 435,235 კაცი შეადგინა, ხოლო უმაღლესი განათლების წვლილი საქმიან ტურიზმის მიმართულებით 136 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტია (Universities UK)).
უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი საქართველოში
საქართველოში, უმაღლესი განათლების სექტორი საყურადღებო ინდუსტრიაა, რომელსაც საკმაოდ დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. ქართული უმაღლესი განათლების სექტორის მდგრადობა და მიმზიდველობა, პროფესორ-მასწავლებლების პროფესიონალიზმი და უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური დონე ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ძალისხმევის გააქტიურებას, სტიმულირებს ახალგაზრდებში გრძელვადიან საგანმანათლებლო პროგრამებისა და მეცნიერებისადმი ინტერესს. ბოლო ათლეულში, გაიზარდა უცხოელი სტუდენტების რიცხოვნობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შესაბამისად გაიზარდა უნივერსიტეტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
ამიტომ, აღნიშნული მიმართულება გახდა ქართული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, ბიუჯეტის შევსების წყარო და დასაქმების ზრდის საშუალება. დღეს, საქართველოს 73 კერძო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღრიცხულია 64 ქვეყნის 4780 უცხოელი სტუდენტი [მათ შორის ლიდერობს; აზერბაიჯანი (1372 სტუდენტი), ერაყი (657), თურქეთი (492), ინდოეთი (1104), ირანი (39), ნიგერი (335- კერძო დაწესებულებები). ნიგერია (143 -სახელმწიფო დაწესებულებები), რუსეთის ფედერაცია (157), შრი-ლანკა (219)]. საქასტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში (29,2 მლრდ ლარი) განათლების წილი 1,3 მლრდ ლარამდეა (Geostat, 2015). რაც შეეხება საერთაშორისო განათლებას, უცხოელი სტუდენტების განათლებასთან დაკავშირებული მომსახურებასა და დისკრეციულ ხარჯს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციით, 59,7 მლნ ლარს შეადგენს (კრედიტი 7,6 მლნ, ხოლო დებეტი 67,3 მლნ ლარი, როგორც ტურიზმში-განათლების ხარჯები)(სებ, 2015).
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მწირი სტატისტიკური ინფორმაციაა. ამიტომ, ამ ეტაპზე საქართველოს უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის სრული სურათის ასახვისას „ფრაგმენტული მონაცემით“ შემოვიფარგლებით.
შეჯამება
ქვეყანაში უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებისათვის, საჭიროა ყურადღება გამახვილდეს სამეცნიერო ეკოსისტემის მთავარ გამოწვევაზე: პროფესორ-მასწავლებლების არაჯეროვანი შრომის ანაზღაურებასა და მცირე დაფინანსებაზე. უდაოა, რომ მეცნიერებაში შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში არ იქმნება კონკურენტუნარიანი ინოვაციური პროდუქტები, ქვეყანა ვერ იყენებს თავის სამეცნიერო პოტენციალს, არ ფლობს სათანადო ადგილს გლობალურ რეიტინგებში, სამეცნიერო სამყაროში მცირეა სამეცნიერო კვლევების წარმოებისა და შრომების შექმნის წილი.
ლოკალური გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებები, სტრატეგიული მიდგომებისა და შეზღუდული რესურსების გამოყენების ალტერნატივებს შორის არჩევანი, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ეკონომიკური და საზოგადოებრივი სარგებლის მიღებას.
ამიტომ, უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისებისათვის საჭიროა აღვნიშნოთ შემდეგი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სათვისტომოებისა და ემიგრანტების საინიციატივო ჯგეფების მხარდაჭერით, საელჩოების აქტივობითა და ძალისხმევით მეტი ფოკუსირება მოხდეს უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე;
- უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო გარემოსადმი მთავრობის მიდგომები და ინიციატივები, უნდა გახდეს შედეგის მომტანი, რაც გაზრდის, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას, ისე ეკონომიკურ შემოსავლებს;
- ქვეყნისათვის განათლების პრიორიტეტულობა უნდა გამოისახოს აკადემიური სექტორის ფინანსური უზრუნველყოფით, მეცნიერების დაფინანსების ზრდით, სახელმწიფო სტრუქტურებში მეცნიერების როლის გააქტიურებით;
- სამთავრობო წყაროებიდან უნდა მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა, რაც საკვანძო როლს შეასრულებს მათი მოტივაციისა და აქტივობის ზრდაში, უმაღლესი განათლების ხარისხისა და აკადემიური სისტემის განვითარებაში. ამისათვის, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ზრდის მიზნით, ბიუჯეტიდან დამატებით უნდა გამოიყოს 50 მლნ ლარი. აღნიშნული თანხით თითოეული პროფესორ-მასწავლებლის არსებული ხელფასი, საშუალოდ 500 ლარის ოდენობით გაიზრდება (ეს არის ის მინიმალური ძალისხმევა, რომლის პოტენციალი და განხორციელების შესაძლებლობა ბიუჯეტს გააჩნია);
- სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა გახდეს ახალგაზრდა მეცნიერების კეთილდღეობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები (მაგალითად, გამოყოფილი იქნას გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი საკრედიტო ხაზი; ფინანსურად წახალისდეს ახალგაზრდების შემოქმედებითობა, ახალი პროგრამების შემუშავება, ავტორობა, ინოვაცია);
ამრიგად, ქართული უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისებისათვის, საჭიროა აღმასრულებელმა ორგანოებმა, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებით, ხელი შეუწყოს: უმაღლესი განათლების ექსპორტს, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, საქმიან ტურიზმში განათლების პოტენციალის წარმოჩენას.
დასასრულს, საკითხის შეჯამების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენის პროცესი უზრუნველყოფს, როგორც ეკონომიკის, დასაქმების, აკადემიური სექტორისა და სახელმწიფო იმიჯის ზრდას, ისე ძლიერი სახელმწიფოს სისტემის ჩამოყალიებებასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.