გიორგი ქადაგიძე: 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალისტურია
5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალისტურია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს რისკებიც, რომლებიც, ძირითადად, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს 5-პროცენტიანი ზრდის მიღწევა სავსებით რეალისტურია. რა თქმა უნდა, არის რისკები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას – თითქმის ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ამან, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის გავლენა შეიძლება მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე. თუ გამოვრიცხავთ საგარეო ფაქტორებს, წმინდა ეკონომიკური პროგნოზის თვალსაზრისით, 5 – პროცენტიანი ზრდის მიღწევა სავსებით შესაძლებელია”, – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, იგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის წინააღმდეგია. ქადაგიძის თქმით, ეს ცვლილება არ მოიტანს იმ შედეგება, რომელიც დაეხმარება ზოგადად ეკონომიკის განვითარებას და სახელდობრ, საბანკო სექტორს.
“ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას მე არ მივიჩნევ სწორ გადაწყვეტილებად და ამ ცვლილების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, ეს არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც დაეხმარება ზოგადად ეკონომიკის განვითარებას და სახელდობრ, საბანკო სექტორს. თუმცა, საჯარო განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან იმედს გამოვთქვამ, შევძლებ კანონპროექტის ავტორებისა და პარლამენტის წევრების დარწმუნებას იმაში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მომტანი იქნება და არასასურველი შედეგები მოჰყვება”, – აღნიშნა ქადაგიძემ. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი დავით ონოფრიშვილის მიერ არის მომზადებული, რომლის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.