სოზარ სუბარი: პრეზიდენტის არგუმენტების მე არ მესმის

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ უფლებამოსილების არსებობა არ ნიშნავს მის ისე გამოყენებას, რომ მთავრობის მუშაობაში ცვლილებები შევიდეს.
“პრეზიდენტს კონსტიტუციით ამის უფლება ჰქონდა, თუმცა მისი არგუმენტების მე არ მესმის, იმიტომ, რომ როდესაც პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა შემადგენლობაზე ჩამოყალიბებულია, მაშინ ნამდვილად არ მესმის, რატომ უნდა მომხდარიყო ამის ერთი კვირით გადადება. უფლებამოსილების არსებობა არ ნიშნავს, ეს გამოიყენო ისე, რომ მთავრობის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანო”, – განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს, ამიტომ მას სურს, მისცეს დრო პრემიერს და პარლამენტს, რათა უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები