ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან იშვიათი წიაღისეულის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება არის ვატიკანში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის პირველი ხელშესახები შედეგი, რაც მას ისტორიულს ხდის.
„დღეს ჩვენმა სამთავრობო გუნდმა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება. ის ხელმოწერილია და რატიფიკაციისთვის წარედგინება ვერხოვნას რადას. და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ იყოს.
ჩვენმა ყველა წარმომადგენელმა კარგი სამუშაო გასწია. შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა მომზადების პროცესში. ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა – ისეთი, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების, ასევე უკრაინის ინდუსტრიების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი სამართლებრივი პრაქტიკის მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობებს ქმნის.
შეთანხმება არ ითვალისწინებს ვალების აღებას. ის ითვალისწინებს რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას, რომელიც ინვესტიციებს ჩადებს უკრაინაში და მოგებას გამოიმუშავებს უკრაინაში. ეს ნიშნავს ამერიკასთან ერთობლივ მუშაობას სამართლიან პირობებზე დაყრდნობით, რაც საშუალებას მისცემს როგორც უკრაინას, ასევე შეერთებულ შტატებს, რომლებიც ჩვენს თავდაცვაში გვიჭერენ მხარს, პარტნიორობით ფული გამოიმუშაონ.
პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვატიკანში შეხვედრის დროს განვიხილეთ ამ შეთანხმების დადების ჩვენი მზადყოფნა. სინამდვილეში, ეს არის ვატიკანის ამ შეხვედრის პირველი ხელშესახები შედეგი, რაც მას ისტორიულს ხდის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საუბრის სხვა შედეგებს – ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა და პრეზიდენტმა ტრამპმა და მე მაქსიმალურად გამოვიყენეთ ყოველი წუთი. ამისთვის მადლობას ვუხდი მას. და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ორივე გუნდს – უკრაინულს და ამერიკულს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.