თეა წულუკიანი ნიდერლანდის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

1 მაისს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნიდერლანდის სენატის თავმჯდომარეს ანკე ბროკერს-კნოლს შეხვდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე და ნიდერლანდის სენატის წევრები ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდის დელეგაციას საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები რიგის სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვართ ევროკავშირის ქვეყნებთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში, რათა უკეთ გავაცნოთ მათ ჩვენი რეფორმები, მათ შორის, სამართლებრივ სფეროში. სენატის სპიკერს აინტერესებს, როგორია ქალთა უფლებები საქართველოში, როგორია მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში; ვისაუბრეთ ყველა რეფორმაზე, რომლებიც ჩატარდა სისხლის სამართლის პროცესში, შრომის კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რაც, მთლიანობაში, საქართველოში ინსტიტუციური, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნიდერლანდის დელეგაცია საქართველოში 29 აპრილიდან იმყოფება. მის წევრებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ჰოლანდიელი სტუმრები ქუთაისსაც ეწვივნენ და სამუშაო შეხვედრები საქართველოს პარლამენტშიც გამართეს. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნიდერლანდის სენატის თავმჯდომარე უზენაეს სასამართლოს ეწვევა, სადაც დელეგაციას ნინო გვენეტაძე მიიღებს. ჰოლანდიელი სტუმრები საქართველოს დღეს დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები