ექსპერტი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც მთავრობამ დამტკიცებამდე უნდა გაიაროს

კონსტიტუციონალისტი და ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მთავრობის დაკომპლექტების წესზე და იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელიც მთავრობამ დამტკიცებამდე უნდა გაიაროს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილებების დროს მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს მთავრობის დამტკიცებაში. მისი თქმით, ის ვერ ერევა მინისტრთა კანდიდატების შერჩევის პროცესში და პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობას, რომელსაც პრემიერი შეარჩევს.
ძაბირაძემ ის პროცედურებიც განმარტა, თუ რის შემდეგ შეუძლია პრეზიდენტს დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
„მთავრობა ერთი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა, მაგრამ მას არა აქვს უფლება, თვითონ შეარჩიოს კანდიდატები. ერთი კვირის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ცვლილება 7 მინისტრის შეცვლის შესახებ ოფიციალურად განხორციელდება, ამისათვის ჯერ პრემიერმა უნდა დანიშნოს 2 მინისტრი. მათი დანიშვნის შემდეგ კი მთავრობას პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი პარლამენტს 30 დღის შემდეგ მთავრობის იგივე ან შეცვლილ შემადგენლობას ხელმეორედ წარუდგენს, შეცვლის შემთხვევაში, ცვლილებას ისევ პრემიერი ახორციელებს. თუ კვლავ ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტის წევრთა 2/5-ს შეუძლია თავად წარუდგინოს პრეზიდენტს მინისტრობის ერთი ან რამდენიმე კანდიდატი და პრეზიდენტი დასახელებული კანდიდატებიდან წარადგენს მათ, ვისაც მეტი პარლამენტარის მხარდაჭერა ექნება. იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობამ ამჯერადაც ვერ მოიპოვა პარლამენტის ნდობა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები